English / ქართული / русский /
ანა ჯიქიაქეთევან შენგელია
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების ძირითადი ტენდენციები საქართველოში

ანოტაცია

თანამედროვე პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება“. ამ პრობლემას სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ევროპის ქვეყნებში, საქართველო კი თანდათან ევროპის ნაწილი ხდება.

ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტულობა განპირობებულია მრავალი გარემოებით, რომელთა შორის უმთავრესია ეკონომიკის ზრდის არამატერიალური ფაქტორების როლის გადიდება, რაც დაკავშირებულია ადამიანური პოტენციალის განვითარებასთან. დღეისათვის ფირმის კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ბაზარზე, უპირატესად განისაზღვრება ხარისხობრივი მაჩვენებლებით. მათ შორის უმნიშვნელოვანესია ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რომელსაც საფუძვლად უდევს ადამიანური, ინტელექტუალური, სოციალური კაპიტალი, ანუ სამუშაო ძალის ხარისხი და მუშაკთა მოტივაცია. სწორედ ეს გარემოება აძლევს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას ეკონომიკურ იმპერატივებს.

ახალ  ათასწლეულში, ძირითადად განვითარებულ ქვეყნებში, შემუშავებულია მოსახლეობის სოციალური დაცვის მაღალი სტანდარტები. ამიტომაც აუცილებელი ხდება მსხვილი ბიზნესის სოციალური ფუნქციის ამაღლება, მათი ურთიერთობა სახელმწიფოსთან და საზოგადოებასთან სოციალური განვითარების სტრატეგიის შემუშავებისათვის. მრავალი უცხოელი მეცნიერი თვლის რომ, თუ მსხვილმა ბიზნესმა თავის თავზე არ აიღო სოციალურ პრობლემათა გადაჭრის პასუხისმგებლობა, თავადვე გახდება   სოციალური პრობლემების მსხვერპლი.

საქართველოში ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტულობა განპირობებულია მრავალი გარემოებით. მათ შორის აღსანიშნავია საბიუჯეტო რესურსების არასაკმარისობა სრულყოფილი სოციალური პოლიტიკის  გასატარებლად.   აქედან გამომდინარე, მსხვილ კომპანიათა როლი ამ პროცესებში მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს, რის შედეგადაც   ბიზნესი თანდათან გადავა ერთგანზომილებიანი საბაზრო სკალიდან მრავალგანზომილებიანზე, სადაც ასახული უნდა იყოს მისი საქმიანობის ეკონომიკური, სოციალური და ეთიკური ასპექტები.

საკვანძო სიტყვები:  ბიზნესი, სოციალური პასუხისმგებლობა, საქართველოს ეკონომიკა 

შესავალი

ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის  პრიორიტეტულობა განპირობებულია მრავალი გარემოებით, რომელთა შორის უმთავრესია ეკონომიკის ზრდის არამატერიალური ფაქტორების როლის გადიდება, რაც დაკავშირებულია ადამიანური პოტენციალის განვითარებასთან.

სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფცია შემდეგ საკითხებს მოიცავს:

ა) სამუშაო გარემო და ადამიანის უფლებები - რამდენად შეესაბამება სამუშაო გარემო შრომის კანონმდებლობას, არის თუ არა საკონტაქტო სისტემა, დაცულია თუ არა ადამიანის უფლებები.

ბ) დასაქმებულთა სოციალური დაცულობის დონე - სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვა, საპენსიო უზრუნველყოფა, არსებული ადამიანური რესურსების განათლება და განვითარება.

გ) გარემოს დაცვა - რამდენად ხორციელდება არსებული გარემოს კვლევა, გარემოსდაცვითი, რეციკლირების პროგრამების დაფინანსება.

დ) მოსახლეობასთან ურთიერთობა და სოციალური პროექტები - კერძო, სათემო, მუნიციპალური ან სამთავრობო. აქ მოიაზრება ფინანსური, პროდუქტებით, მომსახურებით, ტექნიკით, მატერიალური და ადამიანური რესურსებით დახმარება შემდეგ სფეროებში: განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის სფეროში.

ევროკავშირში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებით ჩატარებული აქტიური ღონისძიებების შედეგად, 2016 წელს შეიქმნა 1 მილიონამდე ახალი სამუშაო ადგილი და მოხდა  ბიზნესპროცესებში ჩართული 4 მილიონამდე პირის გადამზადება.

ევროკავშირის CSR-ის ისტორია იწყება 1995 წლიდან, როდესაც ევროგაერთიანების პრეზიდენტმა მოუწოდა საწარმოებს სოციალური აქტიურობისა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნისკენ.

ევროკავშირი შეეცადა ცალკეული ქვეყნების სოციალური პრობლემები განეხილა ერთ მთლიან კონტექსტში და 1993 წელს აამოქმედა 4 თავისუფლება. იგი გულისხმობს კაპიტალის, მუშახელის, მომსახურების და პროდუქციის თავისუფალ გადაადგილებას ევროპის ქვეყნების ბაზრებზე. აღნიშნულ კონტექსტში მუშახელის თავისუფალი გადაადგილება გულისხმობს თითოეული წევრი სახელმწიფოს მოქალაქის უფლებას, იცხოვროს ან ეკონომიკური საქმიანობა აწარმოოს მეორე წევრ სახელმწიფოში. თუკი საწყის ეტაპზე ევროკავშირის ძირითადი მიზანი იყო უსაფრთხოება და შემდგომ უკვე ეკონომიკური პროცესები (ვაჭრობა, უმუშევრობა), დროთა განმავლობაში იგი ჩაანაცვლა გარემოსდაცვითმა ღონისძიებებმა, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ევროკავშირისთვის. 

* * *

ეკონომიკური აქტივობის მოკლევადიანი პერიოდის რყევებმა ყველა ქვეყანაში შეიძლება იჩინოს თავი, თუ მას არ შევაჩერებთ მაკროეკონომიკური რეგულირებით.  ამ მხრივ მნიშვნელოვანია  ჯონ მეინარდ კეინზის შეხედულებები.  XX საუკუნის 30-იანი წლებში, ცივლიზებულ ქვეყნებში მიმდინარე მძლავრი ეკონომიკური რყევის შემდეგ,   ჯ. მ. კეინზმა საზოგადოებას საკუთარი თეორია წარუდგინა, სადაც მან მთლიანად უარყო სახელმწიფოს შესახებ კლასიკოსების შეხედულებები. მისი მოსაზრებების სათავეებთან გერმანელი იდეალისტი ფილოსოფოსები იდგნენ, პირველ რიგში: ი. გ. ფიხტე, სამეურნეო კუთხით კი, გერმანელი კამერალისტები კ. იუსტი,  ა. ზენერფელდე, ასევე აღსანიშნავია   ფ. ლისტი და ჟ. სისმონდი. კეინზის თეორიას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ „კრიზისული“, რადგან იგი ეკონომიკას დეპრესიულ მდგომარეობაში განიხილავს.  მისი თეორიის მიხედვით, სახელმწიფო აქტიურად უნდა ერეოდეს ეკონომიკურ პროცესებში, ამის მიზეზი თავისუფალი ბაზარია, რომელსაც ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანისთვის რეალური მექანიზმები არ გააჩნია. კეინზი თვლიდა, რომ სახელმწიფო ერთობლივი მოთხოვნის ზრდისათვის უნდა ზემოქმედებდეს ბაზარზე, რადგან საბაზრო ეკონომიკის კრიზისის  მთავარი  მიზეზი  საქონელთა  ჭარბი  წარმოებაა.  ხოლო  70-იან წლებში, როცა კვლავწარმოების პირობები მკვეთრად გაუარესდა, უ. ფილიპსმა აღნიშნა რომ, არ შეიძლება ერთდროულად ადგილი ჰქონდეს ინფლაციასაც და დასაქმების ზრდასაც, ეს წინააღმდეგობრივი პროცესია. მაშასადამე, კრიზისიდან გამოსვლის კეინზური გზა არ არის სრულყოფილი, ზოგიერთ შემთხვევაში იგი კიდევ უფრო ამწვავებდა ეკონომიკურ პრობლემებს, ხოლო ეკონომიკური რყევა უფრო მწვავეს ხდის სოციალურ პრობლემებს, რამაც თავისთავად მოითხოვა კეინზური მოდელის შეცვლის აუცილებლობა.

თანამედროვე პერიოდში მრავალი ეკონომისტ-მეცნიერი მიიჩნევს, რომ ახალი რეგულირების ძირითად მიმართულებად ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება უნდა იქცეს. შეიძლება ითქვას, რომ რ. მანდელისა და  ვ. ებენსტაინის გრძელვადიანი  ეკონომიკური მოდელები და  პროგნოზები სულ უფრო და უფრო რელევანტური გახდა უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში[1].

2010 წელს „CSR ევროპის“ ინიციატივით შეიქმნა „საწარმო 2020“, რომლის მიზანი იყო ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიების ევროკავშირის სტრატეგიასთან შესაბამისობაში მოყვანა. საწარმო 2020-ის საშუალებით დღის წესრიგში დადგა ისეთი საკითხები, როგორიცაა არსებული ცხოვრების წესი, სამუშაო, კომუნიკაცია, განათლება, მოხმარება და რესურსების გაზიარება. სულ მალე საწარმო 2020 გარდაიქმნა ევროპულ მოძრაობად იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ავითარებდნენ ბიზნესინოვაციებს პრაქტიკაში და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად მუშაობდნენ არსებულ სოციალურ პრობლემებზე.

2015 წელს უმუშევრობის, კლიმატური ცვლილებებისა და დემოგრაფიული პრობლემების გადასაჭრელად შეიქმნა საწარმო 2020-ის მანიფესტი. იგი მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას: 

1. მუშაობის შესაძლებლობა და ჩართულობა მენეჯმენტის და მიწოდების ჯაჭვის ყველა დონეზე (დამსაქმებელმა უნდა იზრუნოს დასაქმებულის უნარ-ჩვევების განვითარებაზე, საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს თანამშრომლების გადამზადება, ყველა დასაქმებულს უნდა ჰქონდეს ერთნაირი შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებში, აქტივობებში).

2. წევრი კომპანიების წახალისება, რათა განახორციელონ პროდუქციის წარმოების პროცესისა და  მოხმარების განვითარება ქალაქსა და რეგიონთან ერთობლივი მუშაობის შედეგად (ინოვაციური პროდუქტის, მომსახურების, ბიზნესმოდელის შექმნა და ადგილობრივ მთავრობასა და საზოგადოებასთან მუდმივი თანამშრომლობა. ამასთანავე, წარმოების პროცესში გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება და ბუნებრივი რესურსების შეზღუდული გამოყენება, პარალელურად ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკის გაძლიერება)
3. გამჭვირვალობა და ადამიანის უფლებათა დაცვა ბიზნესის წარმოების პროცესში (დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა და გაუმჯობესებული მართვის სისტემები მიწოდების ჯაჭვის პროცესში).

მიუხედავად მოკლე დროისა, ევროკავშირმა ძალიან დიდი ღონისძიებები განახორციელა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით. დღესდღეობით ევროპაში ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ბიზნესის წარმოების პროცესში.  ევროკავშირმა შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნით ხელი შეუწყო ბიზნესების ეფექტურ, ნაყოფიერ მუშაობასა და მათ დადებით გავლენას საზოგადოებაზე.

სამართლებრივი ბაზის შემნის ნათელი მაგალითია 2011 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შემუშავებული სახელმძღვანელო (კომპენდიუმი) „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა - ეროვნული საჯარო პოლიტიკა ევროკავშირში“, სადაც ამ მიმართულებით 8 ყველაზე მწვავე საკითხი იქნა მოკვლეული.

რაც შეეხება საქართველოს, „ასოცირების ხელშეკრულების“ 352-ე მუხლის მიხედვით, საქართველო ვალდებულია, ხელი შეუწყოს „კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას“ და „ბიზნესპასუხისმგებლობის პრაქტიკას, როგორიცაა  მთელი რიგი საერთაშორისო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო რეკომენდაციების შედეგად დამკვიდრებული პრაქტიკა და განსაკუთრებით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სახელმძღვანელო რეკომენდაციები  მრავალეროვანი კომპანიებისთვის“, ასევე „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში ცნობიერების ამაღლება და დიალოგის ხელშეწყობა“ (მუხლი 349, i პუნქტი).

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საქართველოში სუსტად არის შესწავლილი, თუ რა დონეზეა განვითარებული ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა. მხოლოდ 2005 წელს იქნა ჩატარებული კვლევა ფონდი „ჰორიზონტის“ მიერ „ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში“ Unocal Foundation-ის დახმარებით. კვლევის ძირითადი მიზანი იყო რეალური სურათის წარმოჩენა ქართულ კომპანიებში. ძირითადად ყურადღება ეთმობოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა  ადამიანური რესურსები და მათი სწავლება;  წახალისების და დაზღვევის სისტემები; მომხმარებელთან ურთიერთობა; სოციალური პროექტების დაფინანსება და სხვა. გამოკითხული 63 კომპანიიდან 28 მიეკუთვნებოდა მსხვილ ბიზნესს, ხოლო 35 საშუალოს. მთავარი პრობლემა ის იყო, რომ გამოკითხულ კომპანიათა  22% საერთოდ არ გამოყოფდა თანხებს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად[2]

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მსხვილი კომპანიების 88% გამოყოფდა თანხებს ამ მიმართულებით, ხოლო საშუალო კომპანიათა მხოლოდ 70,6% გამოყოფდა  თანხებს ამ მიზნით. ასევე ძალიან მცირეა იმ კომპანიათა რაოდენობა, რომლებიც  აზღვევს თანამშრომელთა სიცოცხლეს. ასეთ კომპანიათა რაოდენობა იყო მხოლოდ 19%.  გამოკითხულ კომპანიათაგან 12 კომპანია საერთოდ არ იღებდა მონაწილეობას სოციალურ პროექტებში.

რა მდგომარეობაა დღეისათვის საქართველოს კომპანიებში ამ მიმართულებით, გამოკვლეული არ არის. არადა პრობლემები რომ მრავლადაა, ამაზე მრავალი ფაქტი მეტყველებს (გავიხსენოთ თუნდაც 6 დაღუპული ადამიანი ტყიბულის შახტაში).

კონსულტაციებისა და სასწავლო პროგრამების საშუალებით  კომპანიებს დახმარება უნდა გაეწიოს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ჩამოყალიბებასა და შესაბამისი სტრუქტურის დანერგვაში.  ამ საკითხში მთავრობას აკისრია უდიდესი როლი, რათა სავალდებულო გახდეს კომპანიებისთვის სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება. 

დასკვნა

საბოლოო ჯამში, შეიძლება დავასკვნათ, რომ მდგრადი ბიზნესის განსავითარებლად, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში უნდა მოხდეს ადამიანის უფლებების დაცვა,  შრომითი ურთიერთობების კანონმდებლობით დარეგულირება, გარემოზე ზრუნვა და ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარება. პასუხისმგებლიანი ბიზნესი წარმოქმნის იმავე ღირებულებებს და პრინციპებს თავისი საქმიანობის სფეროში, რა პრინციპებითა და ღირებულებებით თავად ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას.  სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის ბიზნესპროცედურებთან შეერთებით და კულტურული მთლიანობის დამყარებით, კომპანიები არა მხოლოდ იცავენ მათ ძირითად ვალდებულებებს ხალხისა და პლანეტის წინაშე, არამედ  საფუძველს უყრიან საკუთარ გრძელვადიან ეკონომიკურ წარმატებას. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. ქეთევან შენგელია, ეკონომიკური რეგულირების სპეციფიკა საქართველოში, ჟურნ. „ეკონომიკა“,   № 3–4, 2014, გვ. 14.

2. ქეთევან შენგელია, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა: გლობალური კონტექსტი და საქართველოს რეალიები.  ჟურნ. „ეკონომიკა“,   № 7, 2006, გვ. 180.

3. National public policies in the European Union – Compendium 2014.

4. Focus CSR:The new communication of the EU commission on CSR and National CSR strategies and action plans – European sustainable Development network – 2011.

5. Social Responsibility: Implications for Businesses Operating in the United States and the European Union - Kaitlyn Sapp University of Connecticut – 2016.



[1] ქეთევან შენგელია, ეკონომიკური რეგულირების სპეციფიკა საქართველოში, ჟურნ. „ეკონომიკა“,                                   № 3–4, 2014, გვ. 14. 

[2] http://www.nplg.gov.ge